ბათუმში ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
,,ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების ხელშეწყობა. ,,ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური პროექტი კი ამის ნათელი მაგალითია. ეს პროექტი, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ ემსახურება ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, ამ მხრივ აჭარის რეგიონი ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენი მიზანია ოთხივე სეზონზე ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი, რათა ის შესაძლებლობები რაც ტურიზმს მოაქვს მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე აშენდება. კომპლექსი 55 და 37-სართულიანი ორი ცათამბჯენისგან შედგება.