დღეს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ვეტერანებს ეს დღე მიულოცა და აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ორგანიზებით, ვეტერანებს შორის, სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირი ჩატარდა. ასევე, გაიმართა შეჯიბრი ვეტერანების შვილებს შორის, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო რგოლის წარმომადგენლები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ვეტერანთა ღვაწლსა და თავდადებაზე.
ქვეყნის წინაშე ვეტერანთა ღირსეული სამსახურისა და თავგანწირვის პატივსაცემად, ვეტერანის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გმირებს ვეტერანების დღე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა შოთა ყიფიანმა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ მიულოცეს.